კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ორგანიზებით უკმაყოფილოა #1TVSPORT
„ინტერი“ და ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ორგანიზებით უკმაყოფილონი არიან, რადგან საორგანიზაციო საკითხებში ჯერ კიდევ ქაოსია. თარიღები უკვე სამჯერ შეიცვალა, საუდის არაბეთში ორგანიზატორები კი კვლავ არაადეკვატურად იქცევიან და ამ ხასიათის ღონისძიების გასამართად მზად არ არიან, – ამის შესახებ წერილს Corriere dello Sport აქვეყნებს.
„გასულ კვირას სერია A-მ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადთან შეათანხმა, რომ სუპერლიგის თამაშებს 18-დან 22 იანვრის ჩათვლით გამართავდა, მაგრამ ჯერ ამის შესახებ ოფიციალურად ინფრომაცია არ გავრცელებულა. არადა, მინი-ტურნირის დაწყებამდე ერთი თვით ადრე წლევანდელი სუპერთასის დრო უნდა განისაზღვროს.
თუმცა, „ინტერმა“ და „ნაპოლიმ“ იტალიის სუპერთასის ორგანიზებით უკმაყოფილება გამოავლინეს და ახლა შეთანხმებას ეჭვქვეშ აყენებენ. მიზეზი საუდის არაბეთში არსებული პირობები და დაუზუსტებელი თარიღებია, მაგრამ სუპერთასი საუდის არაბეთში რომ უნდა გათამაშდეს, ეს აურელიო დე ლაურენტისის იდეაა. „ნაპოლის“ მფლობელმა ერ-რიადში ორი წარმომადგენელი გააგზავნა, რათა აირჩიონ სასტუმრო, სადაც იტალიის ჩემპიონი დაბინავდება.
შეთანხმება და სუპერთასის ერ-რიადში გამართვა ლიგისა და მონაწილე კლუბების ბიუჯეტებს მილიონებით შეავსებს, მაგრამ ძალიან ცუდ იმიჯს უქმნის იტალიურ ფეხბურთს, ისევე როგორც ადგილობრივს. მიუხედავად იმისა, რომ ფულით საუდის არაბეთში დიდი მოთამაშეები გადაიბირეს, ჯერ საფეხბურთო პირობები ადეკვატური მაინც არ არის. სუპერთასის ჩატარების შესახებ დიდი კითხვის ნიშანი ამის გამო გაჩნდა“ – წერს იტალიური გამოცემა.