კვარაცხელიას მწვრთნელად ჩერჩესოვის დანიშვნა „რუბინმა“ უარყო #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის, ყაზანის „რუბინის“ გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი გამოეხმაურა Metaratings-ის ინფორმაციას, რომ რუსეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა შესაძლოა ყაზანურ კლუბში ლეონიდ სლუცკი შეცვალოს.
„ჩერჩესოვი სლუცკის ჩაანაცვლებს? სრული აბსურდია“, – განაცხადა საიმანოვმა Sport24-თან ინტერვიუში.
რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „რუბინი“ 18 ტურის შემდეგ 22 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
მანამდე უნგრულმა მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, თითქოს, სტანისლავ ჩერჩესოვი „ფერენცვაროშის“ მწვრთნელად ინიშნებოდა და რომ რუსეთის ნაკრების ყოფილ თავკაცს უნგრეთის მოქმედი ჩემპიონი მომავალ კვირაში წარადგენდა.
„რუბინი“ და „ფერენცვაროში“ ჩვენთვის საინტერესო კლუბებია, რადგან ყაზანში ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, ხოლო ბუდაპეშტურ გუნდში – ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი.