კვარაცხელიას მორიგი აღიარება - სერია A-ს გამოკითხვაშიც თვის საუკეთესოდ დაასახელეს #1TVSPORT
იტალიის მოთამაშეთა ასოციააციის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელად კიდევ ერთხელ აღიარეს და არანაკლებ პრესტიჟულ გამოკითხვაში – „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად თავად ლიგის გამოკითხვით დაასახელეს.
გამოკითხვა სერია A-ს გვერდებზე სოციალური ქსელებში ჩატარდა და კვარაცხელიამ ხმების უმრავლესობა მოიპოვა. 21 წლის ქართველ ფეხბურთელს უფრო მეტი ხმა მისცეს, ვიდრე ცნობილ ვარსკვლავებს – პაულო დიბალას (რომა), დუშან ვლაჰოვიჩს (იუვენტუსი), ტეუნ კუპმაინერსსა (ატალანტა) და ლაუტარო მარტინესს (ინტერი).
ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს თვის მოთამაშეა
„აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო „ნაპოლის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა. ჯილდო გადაეცემა „ნაპოლი“-„სპეციას“ მატჩამდე, რომელიც გაიმართება შაბათს, 2022 წლის 10 სექტემბერს, ნეაპოლის დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე.
ყველაზე მეტი გულშემატკივართა ხმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო ვებ-გვერდზე http://serieapotm.easports.com/ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელშიც ნომინანტები ასევე იყვნენ პაულო დიბალა (რომა), ტეუნ კუპმაინერსი (ატალანტა), ლაუტარო მარტინესი (ინტერი) და დუშან ვლახოვიჩი (იუვენტუსი).
თვის საუკეთესო ხუთეული შეირჩა მოწინავე Stats Perform ანალიზის საფუძველზე Hawk-Eye სისტემით დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე. K-Sport-ის მიერ 2010 წელს დაპატენტებული და მეცნიერულად დადასტურებული რეიტინგის სისტემა ითვალისწინებს არა მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს და ტექნიკურ მოვლენებს, არამედ პოზიციურ მონაცემებსაც. ეს საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა მოძრაობა ბურთის გარეშე, ოპტიმალური მოძრაობები, პოზიციის შერჩევა, წვლილი გუნდის ტექნიკურ და ფიზიკურ ეფექტურობაში, ობიექტურად და ხარისხობრივად შევაფასოთ ფეხბურთელი. გათვალისწინებული იყო სერია A-ს 2022/2023-ის სეზონის საწყისი 4 ტურის მატჩი“, – წერია სერია A -ს ოფიციალურ გვერდზე.
„ვულოცავ „ნაპოლის“ კვარაცხელიას სერია A-ში გადაყვანას. ქართველმა გარემარბმა თავიდანვე დიდი გავლენა მოახდინა ლიგაზე, სამი გოლითა და საგოლე გადაცემით პირველ ოთხ თამაშში. ეს მხოლოდ ნაწილობრივ მეტყველებს მის პოტენციალზე, რომელშიც ჩანს ნიჭი, ტექნიკა და სათამაშო გამბედაობა“, – თქვა სერია A-ს გენერალურმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.
ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოში საუკეთესო ფეხბურთელად იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამაც დაასახელა. ქარველმა თავდამსხმელმა 4 მატჩში ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.