ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინში“ მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა თურქულ შეკრებაზე – მისი გუნდი მოსკოვის „დინამოს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
პირველ ტაიმში მოსკოველები 0:2 დაწინაურდნენ, მაგრამ ჯორჯ დესპოტოვიჩმა ტაიმის მიწურულს ანგარიში პენალტით შეამცირა, ხოლო 53-ე წუთზე მეორედ შეასრულა თერთმეტმეტრიანი და ანგარიში გაათანაბრა. ამ დროს მოსკოველებს მოთამაშე გაუგდეს. მაგრამ „რუბინმა“ ამით ვერ ისარგებლა, ბოლო წამებზე გოლი გაუშვა და 2:3 დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და ჩვეული აქტიურობითა და ეფექტურობით არ გამოირჩეოდა. თავი იჩინა წინა შეხვედრაში „ხიმკისთან“ მიღებულმა ტრავმამ – 19 წლის ქართველი თავდამსხმელი ორთაბრძოლებს ერიდებოდა და საგოლე შეტევებში აქტიურად არ მონაწილეობდა.
თუმცა, „რუბინის“ მხრიდან მატჩის ყველაზე მწვავე მომენტი მაინც ხვიჩამ შექმნა – მან დესპოტოვიჩისგან პასი მიიღო და საჯარიმო მოედნის კუთხიდან ბურთის შორეულ „ცხრიანში“ გაგზავნა სცადა, მაგრამ ძელს მოახვედრა.