კვარაცხელიას გოლი და ასისტი „ტორინოსთან“ - „ნაპოლიმ“ ისევ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის გასვლით მატჩში „ტორინოსთან“ გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო „ნაპოლიმ“ მეტოქე 4:0 დაამარცხა და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
სერია A-ს 27-ე ტურის შეხვედრაში ნეაპოლელები სწრაფად დაწინაურდნენ – მე-9 წუთზე პიოტრ ჟელინსკის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ანგარიში ვიქტორ ოსიმენმა გახსნა. 34-ე წუთზე კი მასპინძელთა კარში ხვიჩას წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც ქართველმა თავდამსხმელმა თავად გამოიყენა – 2:0.
51-ე წუთზე კვარაცხელიამ კიდევ ერთი საგოლე შეტევა განავითარა, ქუსლით ბურთი მარცხენა ფლანგზე მატიას ოლივერას დაუტოვა, რომლის პასითაც ოსიმენმა დუბლი შეასრულა და მიმდინარე სეზონში 22 გოლი დაუგროვდა.
68-ე წუთზე კი ხვიჩას გადაცემით ნდომბელემ „პარტენოპეის“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა.
საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ 4:0 მოიგო, 27 ტურის შემდეგ 71 ქულით პირველ ადგილზეა და კონკურენტ „ინტერს“ (ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს) სეზონის დასრულებამდე 11 ტურით ადრე 21 ქულით ასწრებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ კი სერია A-ს მიმდინარე სეზონში უკვე 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.