კვარაცხელიას ფეხებში ჩაქუჩივით ურტყამდნენ - იტალიურ მედიაში „ინტერი“-„ნაპოლის“ მატჩი შეაფასეს #1TVSPORT
„ინტერთან“ შეხვედრა პირველი იყო სერია A-ს მიმდინარე სეზონში, რომელშიც ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი“ დამარცხდა (0:1). იტალიურ მედიაში მიუთითებენ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ინტერმა“ არა ტაქტიკით, არამედ უხეშობით შეაჩერა, რასაც მთავარი არბიტრი გულგრილად ადევნებდა თვალს.
„ნაპოლის“ „სან სიროზე“ დამარცხებაზე Canale 21-ის ჟურნალისტმა უმბერტო კარიელომ დაწერა.
„კვარაცხელიას წინააღმდეგ, რომელიც ტრავმის შემდეგ ჯერ სასურველ ფორმაში არ არის, შკრინიარი-დარმიანი-ბარელას სამეული მოქმედებდა. ხვიჩას თამაშის საშუალება არ მისცეს. შკრინიარი მას ფეხებში ჩაქუჩივით ურტყამდა – ზედიზედ ორჯერ ეუხეშა, მაგრამ ერთი ყვითელი ბარათიც არ მიუღია. „ინტერის“ ფეხბურთელმა ერთ ეპიზოდში ქართველს ფეხებში უკნიდან ჩაარტყა, რისთვისაც წითელ ბარათსაც იმსახურებდა, მაგრამ არბიტრმა იგი დაინდო.
მერე იყო შკრინიარის მორიგი უხეშობა თითქმის საჯარიმო მოედნის ხაზზე და ამჯერადაც არ დააჯარიმეს. „ინტერის“ მცველებს ზედიზედ ორი უხეშობა ისე აპატიეს, ერთი ბარათიც კი არ უჩვენებიათ“, – წერს ჟურნალისტი.
„კვარაცხელიას, რომელსაც ხშირად ფეხებში ძლიერად ურტყამდნენ, დარმიანისა და შკრინიარის წინააღმდეგ თამაში გაუჭირდა. ზოგიერთ ეპიზოდში არბიტრის მიმტევებლობა გადაჭარბებული ჩანდა“, – ეს გამოცემა ilmattino-ს შეფასებაა.