კვარაცხელიას ფანტასტიკური დასაწყისი - „რუბინმა“ ქართველის გოლით და პასით მოიგო (ვიდეო)
რუსეთის პრემიერლიგაში ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონი ფანტასტიკურად განაახლა. ჩემპიონატი 23-ე ტურის მატჩით დაიწყო და ქართველების გუნდი ყაზანის „რუბინი“ გასვლაზე უშუალო კონკურენტს, ეკატერინბურგის „ურალს“ შეხვდა და დაამარცხა.
ანგარიში მასპინძლებმა მე-5 წუთზე სტუმართა ბრაზილიელი მცველის, პაბლოს ავტოგოლით გახსნეს 1:0. თუმცა, ხვიჩა კვარაცხელიამ 39-ე წუთზე გამორჩეულად ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა – საქართველოს ნაკრების 18 წლის ფეხბურთელმა კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარში „მაკრატელათი“ გააგზავნა.
ეს არ იყო ქართველი ახალგაზრდის ბოლო სასარგებლო ქმედება. 56-ე წუთზე ისეთი საგოლე გადაცემა გააკეთა, შესაძლოა გოლსაც კი სჯობდა. კვარაცხელია საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა, ეფექტურად გაცდა რამდენიმე მცველს და კარის წინ სოლტმურად ბაკაევი შენიშნა, რომელმაც „რუბინი“ 2:1 დააწინაურა.
67-ე წუთზე, მოედანზე ზუკა დავითაშვილი გამოჩნდა, რომელმაც მეორე გოლის ავტორი ბაკაევი შეცვალა. მისი დავალება შეტევის გამწვავება იყო, მაგრამ 71-ე წუთზე ყაზანელებს სლავა პოდბერეზკინი გაუძევეს და მოედანზე 10 მოთამაშის ამარა დარჩენილი ლეონიდ სლუცკის გუნდი იძულებული გახდა, თავი დაეცვა.
საბოლოოდ, „რუბინმა“ მოგება და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა შეინარჩუნა, 26 ქულა დააგროვა და ქულით გადაასწრო „ურალს“, რომელიც მე-12 პოზიციაზე დაქვეითდა. საინტერესოა, რომ ყაზანურმა კლუბმა კვარაცხელიას გოლის ვიდეო ტვიტერზე ასეთი მინაწერით გაავრცელა – „ბეზ გრუზინა, ნეტ რუბინა“.