კვარაცხელიას და „რუბინის“ შესანიშნავი სტარტი - ყაზანელებმა „სპარტაკი“ ქართველის დახმარებით დაამარცხეს [ვიდეო]
ხვიჩა კვარაცხელიამ და ყაზანის „რუბინმა“ მოსკოვში, „ოტკრიტიე არენაზე“ რუსეთს ჩემპიონატი „სპარტაკთან“ გასვლითი შეხვედრით განაახლეს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო, „სპარტაკი“ კი მოედანზე გიორგი ჯიქიამ გაიყვანა.
ხვიჩამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა – მის ანგარიშზეა საგოლე გადაცემა, წამოწყებული მეორე საგოლე შეტევა, მეტოქის გაგდებაშიც დიდი როლი ითამაშა. მეოთხე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან კარში დაარტყა და გიორგი ჯიქიას ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა და მასპინძელთა კარში პენალტი არ დანიშნა.
ხვიჩამ მე-12 წუთზე ფრანგ მცველს, სამეულ ჟიგოს ყვითელი ბარათი აკიდა, რომელიც ძალიან უხეშად ეთამაშა. ყაზანელთა მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ანერვიულდა, მაგრამ კვარაცხელია მალე წამოდგა და თამაში გააგრძელა. აქვე ვიტყვით, რომ მის წინააღმდეგ 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი რუსეთის ნაკრების წევრმა, რომან ზობნინმა აიკიდა, რომელიც 45-ე წუთზე მეორე ყვითელის გამო მოედნიდან გააძევეს. 48-ე წუთზე ხვიჩა უბურთოდ წააქციეს, მაგრამ მსაჯმა ამაზე რეაგირება აღარ მოახდინა.
53-ე წუთზე ყაზანელებმა ანგარიში გახსნეს და საგოლე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა. მან საჯარიმოსთან მიიღო ბურთი და მეკარესთან პირისპირ ჯორჯ დესპოტოვიჩი დატოვა, რომელმაც შანსი გოლად აქცია და „რუბინი“ დააწინაურა – 0:1. 65-ე წუთზე კი ხვიჩა ორ მოთამაშეს გასცდა და ისევ კარის წინ დატოვა დესპოტოვიჩი, მაგრამ სერბმა თავდამსხმელმა ამჯერად გოლის გატანა ვერ მოახერხა.
70-ე წუთზე „რუბინის“ დანიელი ნახევარმცველი ოლივერ აბილდგორი გააძევეს და მოედანზე გუნდების მდგომარეობა გათაბრდა, მაგრამ ყაზანელებმა 89-ე წუთზე მეორე გოლიც გაიტანეს და ამაშიც კვარაცხელია აქტიურად მონაწილეობდა – მეკარემ მისი დარტყმული ბურთი მოიგერია, დესპოტოვიჩმა კი დუბლი შეასრულა და „რუბინმა“ 0:2 მოიგო, 31 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილიდან მე-6 ადგილზე ადგილზე დაწინაურდა.