კვარაცხელიას და დავითაშვილის გუნდმა ვარჯიში განაახლა - ქართველები ნებართვას ელიან
ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის პრემიერლიგის სეზონისთვის მზადება განაახლა. ფეხბურთელები კლუბის ბაზაზე შეიკრიბნენ და ვარჯიში უსაფრთხოების ზომების დაცვით გამართეს.
ჯერ გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებენ უცხოელი ფეხბურთელები, მათ შორის, საქართველოს ნაკრების წევრები, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი, – ინფორმაციას ყაზანელთა ოფიციალური ვებგევრდი აქვეყნებს.
„რუბინის“ პრესსამსახურის ცნობით, ორივე მათგანი ამჟამად საქართველოში იმყოფება და გუნდს ჯერ ვერ უერთდებიან, რასაც მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, როდესაც რუსეთი უცხოელებისთვის გაიხსნება და ქვეყანაში შესვლის ნებართვას მიიღებენ.
რუსეთის ჩემპიონატი 21 ივნისს განახლდება. პრემიერ ლიგაში სეზონი, ისევე როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის ევროპის წამყვან ჩემპიონატებში, პანდემიის გამო მარტში შეწყდა. 22 ტურის შემდეგ, ყაზანის „რუბინი“ 16-გუნდიან რუსეთის ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.