კვარაცხელიას არყოფნაში - „რუბინმა“ კონკურენტთან მოიგო და ევროზონაში დაწინაურდა #1TVSPORT
ყაზანის „რუბინმა“ ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში მოსკოვის „დინამოს“ უმასპინძლა და ევროსაგზურისთვის ბრძოლაში კონკურენტს უმნიშნელოვანესი შეხვედრა მოუგო.
რუსეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვედრა ყაზანის „აკ ბარს არენაზე“ გაიმართა და მასპინძლები მე-15 წუთზე ჯორჯ დესპოტოვიჩმა დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ 52-ე წუთზე ყაზანელთა მარცხენა მცველი ილია სამოშნიკოვი მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევეს და „რუბინი“ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. ამის მიუხედავად, ლეონიდ სლუცკის გუნდმა ათი კაცით მოიგო. კორეელმა ლეგიონერმა, ხვან ინ ბომმა მე-80 წუთზე მოსკოველთა კარი მეორედ აიღო და „რუბინმა“ 2:0 გაიმარჯვა.
ამ მოგებით, ყაზანელებმა 49 ქულა დააგროვეს, კონკურენტ მოსკოვის „დინამოს“, ასევე „სოჭსა“ და მოსკოვის ცსკა-ს სამი ქულით გაასწრეს და მეოთხე ადგილზე დაწინაურდნენ, რაც ევროსაგზურის გარანტიაა. თუმცა, „სოჭს“ და მოსკოვის ცსკა-ს ერთი მატჩი მარაგში აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია 26-ე ტურში „ურალთან“ შეხვედრაში დაშავდა და მკურნალობს. არ არის გამორიცხული, საქართველოს ნაკრების შემტევი ყაზანურ გუნდს ბოლო ტურში დაეხმაროს.