კვარაცხელიას აგენტი - ხვიჩა მხოლოდ „ნაპოლიზე“ ფიქრობს, უკვე ვარჯიშობს და შაბათს „სალერნიტანასთან“ ითამაშებს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა სპორტულ პორტალ „ჩემპიონატთან“ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ჯანმრთელადაა და ინფორმაცია მისი ტრავმის შესახებ ჭორია.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის თასზე „კრემონეზესთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა, ხვიჩა კვარაცხელიას კი არ უთამაშია.
„ლუჩანო სპალეტიმ ასე გადაწყვიტა, რომ ხვიჩა დაასვენა. ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებს. ხვიჩა უკვე ვარჯიშობს და შაბათს „სალერნიტანასთან“ ითამაშებს. სპალეტიმ გადაწყვიტა, რომ განაცხადში არ შეეყვანა, მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლის“ სხვა ლიდერები სათადარიგოთა შორის იყვნენ და პენალტების სერიამდე მოედანზე შევიდნენ. ამაში არაფერია გასაკვირი. სრული დასვენება ნიშნავს სრულ დასვენებას“, – ამბობს მამუკა ჯუღელი.
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ქართველის მიმართ როგორც „მანჩესტერ სიტის“, ასევე „არსენალის“ ინტერესზე საუბრობდნენ. „დეილი მეილში“ გამოქვეყნებული სტატია სავსეა ქართველის ქებით – კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის ნომერ პირველ საფრთხედ არის დასახელებული. ჯუღელმა კი უარყო, რომ ხვიჩა „ნაპოლიდან“ წასვლაზე ფიქრობს.
„მსგავსი შემოთავაზება არც მე მიმიღია და, ვფიქრობ, არც „ნაპოლის“ შტაბბინას. ამჟამად ყველასთვის გასაგებია, რომ მთელი მისი ფიქრები „ნაპოლისკენაა“ მიმართული. თუ არის სერია A-ს მოგებისა და ჩემპიონთა ლიგაზე წინსვლის შანსი, სხვა რაზე შეიძლება ვიფიქროთ? იტალიის ჩემპიონატში 9-ქულიან უპირატესობას იოლად ვერავინ გადალახავს. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „აინტრახტს“ ვხვდებით და, ვფიქრობ, რომ ეს ბარიერი უნდა გავიაროთ. „ნაპოლიში“ არის მიზნები, რისთვისაც ხვიჩას შეუძლია ბრძოლა“, – თქვა კვარაცხელიას აგენტმა.
საუბარი თანხასაც შეეხო. დღეს გაჩნდა გარკვეული სატრანსფერო ორიენტირი – „შახტარმა“ მუდრიკის „ჩელსიში“ გადასვლის საფასურად 100 მილიონი ევრო მიიღო. „იუვენტუსის“ ყოფილმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ სხვა შედარება გააკეთა:
„თუ მოუქნელი ლუკაკუ, რომელიც ბურთსაც ვერ აჩერებს, 100 მილიონი ევრო ღირს, მაშინ უფრო ტექნიკურ კვარაცხელიას სრულიად განსხვავებული სატრანსფერო თანხა უნდა ჰქონდეს“.
თუმცა, ჯუღელმა ამაზე საუბარი არ განავრცო: „ეს არის ის, რაზეც ახლა ყველაზე ნაკლებად ვფიქრობთ“.