კვარაცხელიამ „ვერონასთან“ დუბლით გაიბრწყინა - „ნაპოლიმ“ გასვლაზე გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარცხელიამ იტალიის ჩემპიონატში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა „ნაპოლიში“, რომელიც „ვერონას“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა 3:1. ქართველმა თავდამსხმელა კი დუბლი შეასრულა.
ამ მატჩში ნეაპოლელებს ტრავმების გამო ვიქტორ ოსიმენი, ზამბო ანგისა და ელიფ ელმასი ვერ ეხმარებოდნენ. რუდი გარსიას გუნდს დაცვაში კოსოვოელი ამირ რახმანი დაუბრუნდა.
„ვერონამ“ შეხვედრა კარგად დაიწყო და საწყის წუთებში ორი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ მერე ნეაპოლელებმა თამაში გამოასწორეს და რეალური საგოლე მომენტებიც შექმნეს.
მატეო პოლიტანოსა და ჯაკომო რასპადორის დარტყმები „ვერონას“ მეკარემ მოიგერია. თუმცა, გოლი მაინც ამ ფეხბურთელებმა გაიტანეს – 27-ე წუთზე რასპადორის გადაცემის შემდეგ, პოლიტანომ ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა.
ამის შემდეგ კვარაცხელიამ გაიბრწყინა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თავის გამოჩენა 43-ე წუთზე პოლიტანოს გადაცემის შემდეგ შეძლო – 22 წლის თავდამსხმელმა მახვილი კუთხიდან დაარტყა და „ვერონს“ მეკარემ რეაგირება ვერ მოახერხა.
ხვიჩამ მეორე ტაიმშიც მოახერხა თავის გამოჩენა და ისევ პოლიტანოს შესანიშნავი თამაშის წყალობით – 55-ე წუთზე მეტოქის გადაცემა რასპადორიმ ჩაჭრა, პოლიტანომ კი საკუთარი ნახევრიდან, ერთი შეხებით, შესანიშნავი პასით კვარაცხელია ხელსაყრელ პოზიციაზე გაყვანა, ხვიჩამ კი მცველი ჩამოიშორა და „ნაპოლი 3:0 დააწინაურა.
„ვერონამ“ ხუთ წუთში სხვაობა დარკო ლაზოვიჩის გოლით შეამცირა – სერბმა ნახევარმცველმა ნეაპოლელთა მცველების უხეში შეცდომით ისარგებლა და გაიტანა.
77-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელია შეცვალეს და ტრიბუნაზე მყოფმა ნეაპოლელმა ტიფოზებმა ოვაციებით გააცილეს.
ცხრა ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 17 ქულა დააგროვა და სერია A-ში მეხუთე პოზიციაზე დაწინაურდა, ხოლო ლიდერ „მილანთან“ ჩამორჩენა ოთხ ქულამდე შეამცირა.
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში უკვე სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ბოლო ორ კვირაში, სანაკრებო მატჩების ჩათვლით, ხვიჩამ გოლის გატანა ზედიზედ სამ შეხვედრაში მოახერხა.