კვარაცხელიამ თავი ისევ გამოიჩინა - „ნაპოლიმ“ მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია, მოლოდინის მიუხედავად, „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „კრემონეზესთან“ იტალიის ჩემპიონატის მე-9 ტურის შეხვედრაში და მორიგი წარმატებული თამაში ჩაატარა, ნეაპოლელებმა კი 4:1 მოიგეს.
„კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო ლუკა ლოჩოშვილი, ხოლო სტუმართა სასტარტოში ხვიჩა კვარაცხელია. ეს სერია „ა“-ში პირველი შეხვედრა იყო, სადაც ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელების გუნდები დაუპირისპირდნენ.
ქართველი თავდამსხმელის თამაში საეჭვო „აიაქსთან“ მიღებული ტრავმის გამო იყო. მაგრამ ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელია სასტარტო თერთმეტეულში დააყენა და არც ინანა. ხვიჩა მცველებს ყრუდ ჰყავდთ ჩაკეტილი, მაგრამ 23-ე წუთზე თავისი საქმე მაინც გააკეთა – საჯარიმოში შევარდა და მცველმა მოცელა, მთავარმა არბიტრმა კი პენალტი დანიშნა, რომელიც მატეო პოლიტანომ გოლად გარდასახა.
31-ე წუთზე კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ სცადა მწვავედ შეტევა, საჯარიმოში შევარდა და კარში დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა. მეორე ნახევარში „ნაპოლის“ სხვაობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ვერ გამოიყენა და „კრემონეზეს“ თავდამსხმელმა სირილ დესერსმა 48-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა.
55-ე წუთზე კვარაცხელიამ, რომელმაც მოედნის ცენტრში შეიწია, მეორედ შექმნა რეალური საგოლე მომენტი. ხვიჩამ კონტრშეტევაზე მეკარესთან დასარტყმელ პოზიციაზე ჯაკომო რასპადორი გაიყვანა, მაგრამ მან მეკარეს ვერ აჯობა. 76-ე წუთზე „ნაპოლიმ“ მიზანს მაინც მიაღწია – მარიო რუის გადაცემის შემდეგ ჯოვანი სიმეონემ სტუმრები მეორედ დააწინაურა.
მატჩის ბოლოს მასპინძლები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ და კვარაცხელიამ ისევ გადამწყვეტი როლი ითამაშა. 90+3-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა კარის წინ ირვინგ ლოსანოს გაატანინა, ერთ წუთში კი საბოლოო ანგარიში მათიას ოლივეირამ დააფიქსირა -1:4 „ნაპოლის“ სასარგებლოდ.
ლუჩანო სპალეტის გუნდმა 9 ტურის შემდეგ 23 ქულა დააგროვა და სერია ა“- ში ისევ ლიდერია.