კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, „რუბინმა“ მოიგო და გალიდერდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარცხელიამ და ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში გროზნოს „ახმატთან“ დაძაბული ბრძოლის შემოტრიალება და მორიგი სამი ქულის მოპოვება მოახერხეს.
ხვიჩა კვარაცხელია „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, „ახმატის“ კარში კი გიორგი შელია იდგა. ხვიჩა ყაზანელთა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მართალია, არც გოლი და არც საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია, მაგრამ გროზნოელთა დაცვა ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო, მისი დარტყმის შემდეგ ჯერ მეკარემ გადაარჩინა სტუმრები, მეორედ კი – ძელმა.
ანგარიში „ახმატის“ ნახევარმცველმა, დანილ უტკინმა 31-ე წუთზე გახსნა. 55-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა „ახმატის“ ქართველ მეკარეს ჯერ ყვითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ მოედნიდან გააძევა. სამ წუთში კი ყაზანელებმა ანგარიში გაათანაბრეს – „რუბინის“ ლეგიონერმა, სეად ხაკსაბანოვიჩმა ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო, ბურთი დაატრიალა და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა. დანიელმა ოლივერ აბილდგორმა კი 86-ე წუთზე „რუბინს“ გამარჯვება მოუტანა – 2:1.
სამი ტურის შემდეგ ყაზანის „რუბინმა“ ქულათა მაქსიმუმი, 9 ქულა დააგროვა და რუსეთის ჩემპიონატში პეტერბურგის „ზენიტთან“ ერთად გალიდერდა.