კვარაცხელიამ, შესაძლოა, „რუბინი“ დატოვოს - მოლაპარაკებები მიმდინარეობს #1TVSPORT
ფიფა-მ რუსეთისა და უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატებში ლეგიონერებს და მწვრთნელებს ნება დართო, ამ ქვეყნის კლუბები დატოვონ.
მაგრამ ჯერ რუსული კლუბი მხოლოდ ლუკა გაგნიძემ და ლუკა წულუკიძემ დატოვეს – ისინი „ურალიდან“ წამოვიდნენ. ფეხბურთელებს სხვა კლუბში თამაშის უფლება მხოლოდ ზაფხულამდე გააჩნიათ – დაანონსებული კონტრაქტის გაბათილების ნაცვლად, ფიფა-მ რეალურად მხოლოდ იჯარის უფლება აამოქმედა.
თუმცა, ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მიანიშნა, რომ გუნდს ანდერს დრეიერისა და სეად ხაკშაბანოვიჩის გარდა სხვა ლეგიონერებიც დატოვებენ.
„არ ვფიქრობ, რომ ეს წარმოუდგენელი სიახლეა ჩვენს ახალ ცხოვრებაში. ჩემი პროგნოზით ყველაფერი მხოლოდ ხაკშაბანოვიჩისა და დრეიერის წასვლით არ შემოიფარგლება. ჩვენ გვესმის ვითარება. მაგრამ დეტალებს ამ დროისთვის შიგნით დავტოვებთ. როცა გარკვეული ინფორმაცია იქნება ოფიციალურად გამოვაცხადებთ. ეს ახალი რეალობაა და არა მხოლოდ ჩვენ ვდგავართ მის წინაშე. დარწმუნებული ვარ, ეს გავლენას მოახდენს რუსეთის პრემიერლიგის ყველა გუნდზე“, – განაცხადა „რუბინის“ მწვრთნელმა.
ქართველ გულშემატკივრებს ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ბედი აინტერესებს – 21 წლის თავდამსხმელი დღემდე ყაზანის „რუბინში“ რჩება. მაგრამ საქართველოს პირველი არხის ცნობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.