კვარაცხელიამ სეზონის პირველი გოლი პატარა დამიანეს მიუძღვნა - „ნაპოლიმ“ „ბოლონია“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
„ნაპოლიმ“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, იტალიის ჩემპიონატში „ბოლონიას“ უმასპინძლა და სეზონში პირველი ქულები ქართველის შესანიშნავი თამაშით მოიპოვა – 3:0.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა წინა ტურში დაშავდა, „სტადიო მარადონაზე“ გამართული სერია A-ს მეორე ტურის შეხვედრაში ნეაპოლელების ძირითად შემადგენლობაში იყო.
პირველ ტურში „ვერონასთან“ მტკივნეული მარცხის შემდეგ ანტონიო კონტეს გუნდს გულშემატკივრების გახარება სურდა და ეს პირველი ტაიმის ბოლოს მოახერხა – ქართველის შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თავადაც მოახერხა გოლის გატანა – 75-ე წუთზე ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, კარისკენ დაიძრა, საჯარიმო მოედანს მიუახლოვდა და დაარტყა – მეტოქის მცველის ფეხიდან ასხლეტილი ბურთი კარში შევარდა – ხვიჩამ გოლი ახალდაბადებულ შვილს, დამიანეს მიუძღვნა.
90+4-ე წუთზე კი ჯოვანი სიმეონემ მესამე გოლიც გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.
ორი ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ პირველი სამი ქულა მოიპოვა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში პირველი გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.