კვარაცხელიამ სერია A-ში მეოთხე გოლი გაიტანა - „ნაპოლიმ“ ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველი თამაში მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ფორმით მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა – ნეაპოლელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ვალტერ მაძარის ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა „ატალანტას“ წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარეს და 2:1 მოიგეს.
სერია A-ს მე-13 ტურის შეხვედრაში, ბერგამოში საქართველოს ნაკრების ლიდერი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. 34-ე წუთზე ჯაკომო რასპადორის გადაცემით ამირ რახმანიმ მასპინძლებს გაუტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.
43-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ ჩააწოდა, ზუსტი თავური დარტყმით კი გოლი კვარაცხელიამ გაიტანა და „ნაპოლი“ დააწინაურა.
მეორე ტაიმში „ატალანტამ“ შეუტია და 53-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა – ფლანგური გადაცემა თავური დარტყმით მასპინძელთა ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ადემოლა ლუკმენმა დააგვირგვინა.
63-ე წუთზე „ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენი დაუბრუნდა, რომელიც ნიგერიის ნაკრებში სექტემბერში მიღებული ტრავმის გამო ორი თვე ვერ თამაშობდა. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა სტუმართა მეორე გოლში – გადაცემა ჩაჭრა და კარის წინ ელიფ ელმასი დატოვა, რომელმაც „ნაპოლი“ 79-ე წუთზე დააწინაურა.
13 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 24 ქულა დააგროვა, „მილანს“ (23) გადაასწრო და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაწინაურდა.
კვარაცხელიამ კი ბოლო სამ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა – მანამდე ხვიჩამ ორი გოლით თავი საქართველოს ნაკრებში შოტლანდიასთან გამოიჩინა და ერთიც ესპანეთთან შეაგდო.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.