ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში თავი გამოიჩინა და გუნდს მნიშვნელოვანი ქულის გადარჩენაში დაეხმარა.
ყაზანის „რუბინი“ გროზნოში „ახმატს“ ესტუმრა და 1:1 ითამაშა. „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ზუკა დავითაშვილი იყო და შეუცვლელად ითამაშა. სათადარიგოებში დარჩა ნიკა ყიფიანი, რომელსაც არ უთამაშია, ხოლო ბექა მიქელთაძე განაცხადშიც არ იყო. კვარაცხელია კი „რუბინის“ რიგებში 73-ე წუთზე გამოჩნდა.
ყაზანელები 90+4 წუთზე 0:1-ს აგებდნენ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, საჯარიმოსკენ დაიძრა და კარში დაარტყა – ბურთი მცველს მოხვდა და კარში შეგორდა, „რუბინმა“ კი ქართველის გოლით ქულა მოიპოვა.
18 ტურის შემდეგ „რუბინმა“18 ქულა დააგროვა და პრემიერლიგაში მე-14 ადგილს იკავებს. კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და მეორე გოლი გაიტანა.