კვარაცხელიამ „რუბინს“ ქულა და ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა, ცსკა-ს კი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი შეუმცირა (ვიდეო)
ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა, ქართველი შემტევის დამსახურებით კი მისმა გუნდმა, ყაზანის „რუბინმა“, გასვლაზე უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა.
პრემიერლიგის 28-ე ტურში ყაზანელები გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსის მქონე ცსკა-ს, მოსკოვში შეხვდნენ და უმნიშვნელოვანესი ორი ქულა წაართვეს – 1:1.
მასპინძლები 63-ე წუთზე ფიოდორ ჩალოვმა დააწინაურა, სტუმრებმა კი წონასწორობა 88-ე წუთზე პენალტით აღადგინეს, რომელიც ევგენი მარკოვმა გამოიყენა.
ეს პენალტი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიმუშავა. მეტოქის საჯარიმოშო სწრაფად შეჭრილმა ქართველმა თავდამსხმელმა მცველი ივან ობლიაკოვი ეფექტური ფინტით ჩამოიშორა, მან კი კვარაცხელია მოცელა. თავიდან შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ჩათვალა, რომ ქართველმა მომენტი გააფორმა და სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი აჩვენა.
მაგრამ ყაზანელთა პროტესტის გამო, საქმეში VAR-ი ჩაერია, ვიდეოგამეორებაზე კი გამოჩნდა, რომ კვარაცხელია მცველმა ნამდვილად მოცელა და სიმულაციას ადგილი არ ჰქონია. არბიტრმა ყვითელი ბარათი გააუქმა და ცსკა-ს კარში პენალტი დანიშნა.
ხვიჩა კვარაცხელიამ 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მის წინააღმდეგ ცსკა-ს ფეხბურთელებმა სამი ყვითელი ბარათი დაიმსახურეს. ზუკა დავითაშვილი მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა და გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ცსკა მეკარე იგორ აკინფეევმა გაადაარჩინა.
მოსკოვის ცსკა-ს ძირითად შემადგენლობაში იყო კონსტანტინე მარადიშვილი, რომელიც მეორე ტაიმში შეცვალეს, რადგან თავი ვერაფრით გამოიჩინა.
„რუბინმა“ 34 ქულა დააგროვა, მეცრხე ადგილზეა და ამ შეხვედრის შემდეგ პრემიერლიგაში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა.