კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა - „ნაპოლიმ“ „რომასთან“ მოგება ხელიდან გაუშვა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „რომასთან“ დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში ქართველის მოპოვებული პენალტით ვერ ისარგებლა, მოგება ხელიდან გაუშვა და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ჩამორჩენა ვერ შეამცირა – 2:2
იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელების ძირითად შემადგენლობაში იყო და 86 წუთი ითამაშა. თამაში თავიდან თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მაგრამ უფრო მეტი მომენტები მასპინძლებმა შექმნეს, თუმცა ვერ ისარგებლეს.
პირველი ტამის პირველ ნახევარში ქართველი თავდამსხმელი პასიური იყო, მაგრამ შესვენებამდე ძალიან გააქტიურდა და ზედიზედ ოთხი ძალიან კარგი მომენტი შექმნა. ხვიჩამ ორჯერ კარში დაარტყა და ბურთს ჯერ მცველი გადაეფარა, შემდეგ – „რომას“ სერბი მეკარე მილე სვილარი, შემდეგ კი ხვიჩას გადაცემით გატანა მატეო პოლიტანოს და ჯოვანი დი ლორენცოს შეეძლოთ, მაგრამ მომენტები ხელიდან გაუშვეს.
გამოუყენებელი შესაძლებლობებისთვის „ნაპოლი“ მეორე ტაიმში დაისაჯა. „რომამ“ პირველი რეალური საგოლე მომენტი 59-ე წუთზე შექმნა, როდესაც მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, არგენტინელმა პაულო დიბალამ საჯარიმო უნაკლოდ გამოიყენა და სტუმრები დააწინაურა, მაგრამ ხუთ წუთში მატიას ოლივერამ ანგარიში გაათანაბრა.
„ნაპოლიმ“ დიდი ძალებით შეუტია და 73-ე წუთზე ოსიმენის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ხვიჩას გატანა შეეძლო, მაგრამ მცველმა ბურთს ფეხი მიარტყა და გუნდი გადაარჩინა. ერთ წუთში კი თავისი შანსით ვერც ვიქტორ ოსიმენმა ისარგებლა.
ქართველის მონდომებამ შედეგი მაინც გამოიღო და 84-ე წუთზე ხვიჩას მოცელვისთვის „რომას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ოსიმენმა უნაკლოდ შეასრულა, მაგრამ 90-ე წუთზე „რომას“ ინგლისელმა თავდამსხმელმა, ტამი აბრაჰამმა ანგარიში ისევ გაათანაბრა და „ნაპოლის“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ხელიდან გამოჰგლიჯა – 2:2.
სერია A-ში გამართული 34 მატჩის შემდეგ „ნაპოლიმ“ 50 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე დარჩა და სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ჩემპიონთა ზონაში მყოფ „რომას“ ისევ 9 ქულით ჩამორჩება, ხოლო კონფერენს ლიგის ზონას – 5 ქულით.