კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ფორმით მე-100 თამაში გოლით აღნიშნა - კონტეს გუნდი მილანიდან სამი ქულით ბრუნდება [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში მორიგი გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ ფორმით ჩატარებულ მე-100 შეხვედრაში გუნდს „მილანის“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:0. იტალიის ჩემპიონატის მე-10 ტურის დაპირისპირება, რომელიც „სან სიროზე“ გაიმართა, ნეაპოლელებმა შესანიშნავად დაიწყეს და მე-5 წუთზე რომელუ ლუკაკუს ზუსტი დარტყმით სწრაფად დაწინაურდნენ. „მილანის“ მცველების საიმედო თამაშის გამო, ხვიჩა კვარაცხელიას (77 წუთი ითამაშა) თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონდა, მაგრამ 43-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა თამაში საკუთარ თავზე აიღო, ორ მცველს გასცდა და საჯარიმოს სიახლოვიდან ზუსტი, ძლიერი გასროლით „ნაპოლის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

შესვენების შემდეგ „მილანმა“ დიდი ძალებით შეუტია და 47-ე წუთზე ალვარო მორატამ „ნაპოლის“ გაუტანა, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმებისას თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. მილანელებმა კი თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს და მტკივნეული მარცხი განიცადეს.

სერია A-ში გამართული 10 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 25 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა და კონკურენტ „ინტერს“ 7 ქულით გადაასწრო. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას მონაგარს – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.