იტალიურმა „ნაპოლიმ“ ახალი სეზონისთვის განახლლებული დიზაინის მაისურები წარადგინა, ფორმის ერთ-ერთი წარმდგენი კი ხვიჩა კვარაცხელიაა.
საერთოდ, მსგავს პრეზენტაციაში გუნდის ლიდერები და სახეები მონაწილეობენ და იტალიური კლუბის მიერ საქართველოს ნაკრების ლიდერის გამორჩევა ბევრ რამეზე მეტყველებს.
„ნაპოლის“ ცნობით, კლუბის მაისურების შესყიდვა შესაძლებელია უკვე არა მხოლოდ ოფიციალურ მაღაზიაში, არამედ, რაც ქართველი გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია, ვებ-გვერდზეც.
სულ გუნდმა სამი ფორმა წარადგინა – ტრადიციული ლურჯი და თეთრი, ასევე სათადარიგო. მაისურის ღირებულება 125 ევროა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ოფიციალურად 1-ელ ივლისს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. გავრცელებული ცნობით, იტალიურმა კლუბმა ტრანსფერში 10 მილიონი ევრო გადაიხადა.
აღსანიშნავია, რომ „ნაპოლი“ საკონტროლო მატჩების ტრანსლირებას უფასოდ ახორციელებდა. მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას მისვლის შემდეგ „იუთუბზე“ და სოციალურ ქსელებში ნახვები რეკორდულ მაჩვენებელზე ავიდა და იტალიელებმა ტრანსლირებიდან მოგების ნახვა გადაწყვიტეს – დღეიდან გუნდის საკონტროლო თამაშის სანახავად 8 ევროს გადახდაა საჭირო.