კვარაცხელიამ „ლოკომოტივთან“ ძირითადში ითამაშა - ხვიჩა მეორე გოლში მონაწილეობდა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინის“ ფორმით რუსეთის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ გოლით ან საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია.
ყაზანელებმა რუსეთის პრემიელრიგის მე-11 ტურში შეხვედრა საკუთარ მოედანზე ქართველი თავდამსხმელის ყოფილ კლუბთან, მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ჩაატარეს. ხვიჩა აქტიური იყო, ბევრს ცდილობდა, მიუხედავად ამისა, შედეგიანობით თავის გამოჩენა ვერ მოახერხა, მაგრამ საგოლე შეტევა წამოიწყო.
„რუბინს“ კი წარუმატებელი სერიის შეჩერება შეეძლო და მიზანთან ახლოს იყო. გუნდი 36-ე წუთზე დანიელმა ანდერს დრეიერმა დააწინაურა, ხოლო ჰერმან ონუგჰამ 66-ე წუთზე ხვიჩას წამოწყებული იერიშით მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა 2:0.
მაგრამ ყაზანელებმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. ფედორ სმოლოვმა (68) ჯერ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროში (90+3) რიფატ ჟემალედინოვმა „რუბინს“ მეორეც გაუტანა და მატჩი 2:2 დასრულდა.
ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა და „ჩემპიონატმა“ საკმაოდ მაღალი შეფასება, 7,0 ქულა დაუწერა. „ლოკომოტივის“ ძირითადში ერთ-ერთი აქტიური კონსტანტინე მარადიშვილი გახლდათ, რომლის თამაშიც 6,5 ქულით შეაფასეს.
11 ტურის შემდეგ „რუბინმა“ 15 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა, თუმცა, ევროსაგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.