კვარაცხელიამ „ლაციოსაც“ გაუტანა და „ნაპოლი“ სერია „ა“-ში გაალიდერა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია „ა“-ში მორიგი გოლი გაიტანა და მე-5 ტურში რომის „ლაციოს“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში „ნაპოლის“ გამარჯვება და ტალიის ჩემპიონატში ლიდერობა მოუტანა – 1:2.
საქართველოს ნაკრების ლიდერი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და პირველივე წუთებიდან ითამაშა „სტადიო ოლიმპიკზე“ – ლუჩანო სპალეტის გუნდი მდევრის როლში აღმოჩნდა, რადგან ანგარიში რომალებმა უკვე მე-4 წუთზე მატია ძაკანის გოლით გახსნეს.
„ნაპოლიმ“ წონასწორობა 38-ე წუთზე აღადგინა. შეტევაში ჩართულმა კორეელმა მცველმა კიმ მინ ჯემ მასპინძელთა კარი აიღო და სტუმრები შესვენებაზე დაიმედებულები გავიდნენ.
ხვიჩა კვარაცხელია მაქსიმალურად აქტიურობდა, სახიფათოდ დაარტყა, ბურთი ძელს მოარტყა, მაგრამ მიზანს მეორე ნახევარში მიაღწია. 61-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ზამბო ანგისამ საჯარიმოს ცენტრში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქართველი თავდამსხმელი მოძებნა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით „ლაციოს“ კარი აიღო და გუნდი დააწინაურა. ეს კი შეხვედრის გადამწყვეტი ეპიზოდი აღმოჩნდა.
68-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელი ჯაკომო რასპრადორიმ შეცვალა. მატჩი კი „ნაპოლიმ“ მოგებით დაასრულა – 1:2 და 5 ტურის შემდეგ 11 ქულით სერია „ა“-ში გალიდერდა. ამდენივე ქულა აქვს „მილანს“, მაგრამ კვარაცხელიას გუნდი დამატებითი მაჩვენებლებით პირველზეა.
თავად ხვიჩა კვარაცხელია კი 5 მატჩში 4 გოლით (პლუს 1 საგოლე გადაცემა) კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად ბომბარდირებში ლიდერობს.