კვარაცხელიამ კუთვნილი პრიზი ჩაიბარა - რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ყაზანში დააჯილდოვეს
კვარაცხელიამ კუთვნილი პრიზი ჩაიბარა - რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ყაზანში დააჯილდოვეს

რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩამდე, სადაც ერთმანეთს ყაზანის „რუბინი“ და ეკატერინბურგის „ურალი“ დაუპირისპირდნენ, ხვიჩა კვარაცხელია დააჯილდოვეს.

საქართველოს ნაკრებისა და „რუბინის“ თავდამსხმელს რუსეთის პრემიერლიგის ორგანიზატორებმა 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშისთვის დაწესებული პრიზი გადასცეს. დაჯილდოება ყაზანის „აკ ბარს არენაზე“ მატჩის დაწყებამდე შედგა.

გამოკითხვას ერთად ატარებდნენ რუსეთის საფეხბურთო კავშირი, „პრემიერლიგა“ და ტელეკომპანია „მატჩ ტვ“. სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი შეარჩიეს ექსპერტებმა, პრემიერლიგის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე „მატჩ პრემეირის“ ხუთმა ექსპერტმა და შვიდი გამოცემის წარმომადგენლებმა. 19 წლის ქართველი საუკეთესოდ აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაასახელა.

გასულ სეზონში კვარაცხელიამ ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი, ხუთი შედეგიანი პასი გააკეთა და დიდი როლი ითამაშა, „რუბინმა“ ლიგაში რომ ადგილი შეინარჩუნა.