ხვიჩა კვარაცხელიამ სანაკრებო პაუზის შემდეგ ყაზანის „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა – ეს რუსეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში მოხდა.
ქართველის გუნდმა, ყაზანის „რუბინმა“ გასვლაზე „ტამბოვთან“ ითამაშა და 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე ილია სამოშნიკოვმა გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელია აქტიური იყო და რამდენიმეჯერ სცადა გამწვავება, თუმცა, ამჯერად, გოლით და საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ ახლა ის ფორმის აღდგენას ცდილობს და მისთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკაა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი კი ენდობა და ათამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნოემბრის სანაკრებო მატჩების დროს საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა და მეორე დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო, მან კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გამოტოვა, მოედანზე კი 5 დეკემბერს დაბრუნდა.
18 ტურის შემდეგ ყაზანის „რუბინმა“ 25 ქულა დააგროვა და რუსეთის პრემიერლიგაში მე-9 ადგილზე დაწინაურდა. საშემოდგომო ეტაპს ყაზანელები 17 დეკემბერს დაასრულებენ – „რუბინი“ გროზნოში „ახმატს“ ესტუმრება, მაგრამ კვარაცხელია არ იქნება, რადგან „ტამბოვთან“ ყვითელი ბარათი მიიღო და შემდეგი მატჩის ჩატარების უფლება არ გააჩნია.