კვარაცხელიამ ისევ პენალტი მოიპოვა - „რუბინი“ „სპარტაკთან“ დამარცხდა
ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. ეს პრემიერლიგის ბოლო, 30-ე ტურის შეხვედრაში მოხდა, სადაც ყაზანის „რუბინმა“ მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლა და დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელია ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ხოლო ზუკა დავითაშვილი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა.
სპარტაკელები საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის წინააღმდეგ უხეშად თამაშობდნენ, მაგრამ კვარაცხელია სახიფათო მომენტების შექმნას მაინც ახერხებდა. პირველი საგოლე შანსი ხვიჩას დარტყმას მოჰყვა, თუმცა კარის აღება ვერ მოახერხა. ანგარიში მოსკოველებმა მე-40 წუთზე ზელიმხან ბაკაევის პენალტით გახსნეს – 0:1.
კვარაცხელიამ თავისი მაინც გააკეთა. 44-ე წუთზე, ორ მოსკოველ მცველს შორის მოქცეული 19 წლის ქართველი მათ ეფექტური მოძრაობებით გაცდა, მესამე მცველმა კი წააქცია და მსაჯმა „სპარტაკის“ კარში პენალტი დანიშნა, რომლითაც ივან იგნატიევმა წონასწორობა აღადგინა – 1:1.
ტაიმის ბოლო წუთზე კვარაცხელიამ კარის წინ თანგუნდელი დატოვა, მაგრამ მან ეს მშვენიერი შანსი გაანიავა. 58-ე წუთზე კვარაცხელიამ კიდევ ერთი საგოლე მომენტი შექმნა, მოედნის ცენტრიდან გადაცემით კარის წინ ისევ ივან იგნატიევი დატოვა, მაგრამ მას სიზუსტემ ისევ უმტყუნა. 69-ე წუთზე მეტოქეს ბურთი საჯარიმოსთან წაართვა და კარში არაზუსტად დაარტყა. ამდენი გამოუყენებელი მომენტისთვის „რუბინი“ დაისაჯა – 72-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯორდან ლარსონმა ზუსტად გამოიყენა 1:2.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის წინააღმდეგ უხეშობისთვის 74-ე წუთზე ყვითელი ბარათი ნიკოლაი რასკაზოვმა მიიღო. ხოლო 82-ე წუთზე „სპარტაკის“ კაპიტანს, გიორგი ჯიქიას ყვითელი ბარათი დავითაშვილთან უხეშობისთვის აჩვენეს. 90-ე წუთზე ხვიჩა მეკარემ საკუთარ საჯარიმოში წააქცია და წესით, მსაჯს „სპარტაკის” კარში მეორე პენალტი უნდა დაენიშნა, მაგრამ ამის ნაცვლად ხვიჩას ქმედება სიმულაციად შეაფასა და ყვითელი ბარათი აჩვენა.
საბოლოოდ, „რუბინმა“ 1:2 წააგო და 35 ქულით ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა.