კვარაცხელიამ ისევ გაიტანა, სტადიონი ამჯერადაც გაივსო - ბათუმის „დინამომ“ კონკურენტი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ ბათუმის „დინამოში“ მორიგი ეფექტური გოლი გაიტანა და ეროვნული ლიგის მოქმედ გამარჯვებულს უშუალო კონკურენტთან დაძაბული მატჩის მოგებით ლიდერობის განმტკიცებაში დაეხმარა.
ეროვნული ლიგის მე-12 ტურის საშინაო შეხვედრამდე ბათუმელებს 24 ქულა ჰქონდათ, გორის „დილას“ კი 22 და მოგების შემთხვევაში დაწინაურება შეეძლო. ანდრეი დემჩენკოს გუნდი 90 წუთი იბრძოდა, სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდა, მაგრამ ბათუმელები გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ.
მატჩი, ფაქტობრივად, სავსე ტრიბუნების წინაშე გაიმართა – შეხვედრას 16-17 ათასი მაყურებელი დაესწრო. ანგარიშის გახსნა დასაწყისში გუჯა ლობჯანიძეს შეეძლო, მაგრამ მილან რადინის და ხვიჩა კვარაცხელიას განვითარებული შესანიშნავი იერიში ზუსტი დარტყმით ვერ დააგვირგვინა. კვარაცხელიამ კი თავისი შანსით ისარგებლა. 30-ე წუთზე, ზურიკო დავითაშვილმა კარგად ითამაშა და ხვიჩას ბურთი საჯარიმოში შეაყოლა, მან კი მცველი მოატყუა და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა.
მეორე ნახევარში გოლის გატანის რეალური შანსი ბათუმელებსაც ჰქონდათ და „დილას“ მოთამაშეებსაც. მაგრამ ამ შანსებით მხოლოდ მასპინძლებმა ისარგებლეს. 81-ე წუთზე „დილას“ კარი მეორედ ჯაბა ჯიღაურმა აიღო. გორელები წესის დარღვევაზე აპელირებდნენ, მაგრამ მთავარმა არბიტრმა გოლი ჩათვალა. 84-ე წუთზე კი „დილას“ მესამედ თორნიკე გაფრინდაშვილმა გაუტანა და საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ 3:0 მოიგო.
ეროვნულ ლიგაში გამართული 12 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდმა ამ ტურის შემდეგ 27 ქულა დააგროვა და „დინამო თბილისთან“ (22) და გორის „დილასთან“ (22) უპირატესობა ისევ გაზარდა.