კვარაცხელიამ ისევ გაიბრწყინა - ხვიჩას გოლი არ ჩაუთვალეს, მაგრამ ქულა მაინც გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT
რუსეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ხვიჩა კვარაცხელია და ყაზანის „რუბინი“ „უფას“ ესტუმრნენ და ქულას დასჯერდნენ. შეიძლება ითქვას, გარკვეული ჩავარდნის შემდეგ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თამაში კარგად ჩაატარა.
რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო – ქართველმა თავდამსხმელმა თავი ორჯერ გამოიჩინა, მაგრამ გოლი არ ჩაუთვალეს.
მასპინძლები მე-19 წუთზე გამილ აგალაროვმა დააწინაურა. 34-ე წუთზე ხვიჩამ თანაგუნდელების შეტევა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა, მაგრამ ვიდეორეფერიმ თამაშგარე დაუფიქსირა და გოლი არ ჩაუთვალა.
59-ე წუთზე კვარაცხელიამ მორიგი შესანიშნავი რეიდი განახორციელა და ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც „უფას“ მცველმა იური ჟურავლიოვმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
იყო კიდევ ეპიზოდი, რომელიც გოლით არ დასრულებულა, მაგრამ ხვიჩამ ძალიან ეფექტურად ითამაშა.
12 ტურის შემდეგ, ყაზანის „რუბინმა“ 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი ჩავარდნის შემდეგ პირველად ჩაატარა შეხვედრა, რომელშიც საკუთარი შესაძლებლობები კარგად გამოავლინა.
ამაზე პოპულარული გამოცემა „ჩემპიონატის“ შეფასება მეტყველებს, რომელმაც ყაზანელთა შორის საუკეთესო შეფასება (7,0 ქულა), იგორ სამშნიკოვთან ერთად, სწორედ ქართველ თავდამსხმელს დაუწერა.