იტალიის თასიდან „კრემონეზესთან“ მოულოდნელი გამოვარდნის შემდეგ ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიმ“ დილით კასტელ ვოლტურნოში ივარჯიშა და „სალერნიტანასთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო, ხვიჩა კვარაცხელია კი ინდივიდუალურად ემზადებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნეაპოლური კლუბი აქვეყნებს.
„„კრემონეზესთან“ იტალიის თასის მატჩის შემდეგ „ნაპოლიმ“ დღეს დილით კონამის საწვრთნელ ცენტრში ვარჯიში განაახლა. „აძურები“ ემზადებიან შაბათს, სერია A-ს მე-19 ტურში „სალერნიტანასთან“ დაგეგმილი მატჩისთვის. გუშინ მინდორზე გასულები სპორტდარბაზში მსუბუქად იტვირთებოდნენ. ვარჯიში დასრულდა ორმხრივი მატჩით. კვარაცხელია ამ დროს ინდივიდუალურად ვარჯიშობდა“, – წერს „ნაპოლის“ ოფიციალური გვერდი.
იტალიური გამოცემა Fantacalcio კი ამტკიცებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „სალერნიტანასთან“ თამაში საეჭვოა.
„ნეაპოლურ კლუბს კვარაცხელიას გარეშე მოუწია „კრემონეზესთან“ გამოსვლა: ქართველი დარბაზში ინდივიდუალურ სამუშაოს ასრულებდა. მისი თამაში დავიდე ნიკოლას გუნდის („სალერნიტანა“) წინააღმდეგ საფრთხის ქვეშაა: ჯერ ვითარების განვითარებას უნდა დაველოდოთ, რასაც მომდევნო ვარჯიშზე დავაკვირდებით“, – ვკითხულობთ იტალიურ გამოცემაში.