კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა - საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩისთვის მზადებას პოზნანში განაგრძობს და შეკრების მესამე დღეს „ლეხის“ საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
შეკრების პირველ დღეებში ხვიჩა კვარაცხელია ინდივიდუალურად ემზადებოდა. საბედნიეროდ, „ნაპოლის“ ქართველმა ლიდერმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და უკრაინელებთან მატჩისთვის მზად იქნება.
10 ოქტომბერს „ჯვაროსნები“ მატჩის მასპინძელ პოზნანის „ენეა სტადიონის“ სათადარიგო მოედანზე ივარჯიშებენ. მანამდე კი, ტრადიციულად, ვილი სანიოლი წინასამატჩო პრესკონფერენციას გამართავს.
10 ოქტომბრის განრიგი
უკრაინის ნაკრები
16:15 მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია („ენეა სტადიონი“)
18:15 უკრაინის ნაკრების ვარჯიში (პოზნანი, საწვრთნელი ბაზა „ოპალენიცა პარკოვა“)
საქართველოს ნაკრები
19:30 მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია („ენეა სტადიონი“)
20:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში („ენეა სტადიონის“ სათადარიგო მოედანი)
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩეხეთი (4:1) და ალბანეთი (1:0) დაამარცხა და ორი ტურის შემდეგ 6 ქულით B1 ჯგუფში პირველ ადგილზეა.
„ჯვაროსნები“ ოქტომბერში ორ მატჩს გამართავენ. 11 ოქტომბერს პოზნანში უკრაინას შეხვდებიან, მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 14 ოქტომბერს კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებენ (20:00).
მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.