კვარაცხელიამ ეფექტურად გაიტანა, „რუბინი“ გალიდერდა - აი, რატომ იწვევს ამ ბიჭს „მილანი“ [ვიდეო] #1TVSPORT
რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – ზუკა დავითაშვილის „არსენალმა“ ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
ტულას სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ლეონიდ სლუცკის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა და პირველივე ტაიმში სამბურთით დაწინაურდნენ. მე-12 წუთზე ანგარიში სამხრეთ კორეელმა ჰვანგ ინ-ბომმა გახსნა, 37-ე წუთზე დესპოტოვიჩმა პენალტით ყაზანელთა უპირატესობა გაზარდა, ხოლო მე-40 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ საჯარიმოს მისადგომებიდან ულამაზესი დარმტყმით „არსენალის“ კარის „ცხრიანი“ შეარხია და ეფექტური გოლის ავტორი გახდა.
„ოოო! ბრწყინვალე გოლი ხვიჩასგან! ამ ბიჭს „მილანი“ ამიტომ ეძახის!“ – ასეთი იყო თავად „რუბინის“ ოფიციალური ტვიტერის გვერდის შეფასება, სადაც ღია მინიშნებაა, რომ კვარაცხელიათი იტალიური გრანდი „მილანი“ ნამდვილად დაინტერესდა.
ტულელთა შორის დავითაშვილი გამოირჩეოდა, აქტიურობდა და კარის აღების მშვენიერი შანსიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა. მეორე ტაიმში კი „არსენალის“ მწვრთნელმა შემადგენლობში სამი ცვლილება განახორციელა და ზურიკო დაასვენეს.
მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ სცადა კარის აღება, ძალიან ეფექტურად – 67-ე წუთზე, საჯარიმოში შევარდნილმა მცველი ცრუ მოძრაობით დააწვინა და ძლიერად დაარტყა, მაგრამ მეკარემ „არსენალი“ გადაარჩინა. ორ წუთში ის მეტოქესთან ბრძოლაში დაშავდა და მწვრთნელმა სიფრთხილის გამო მოედნიდან გაიყვანა.
საბოლოოდ, „რუბინმა“ 0:3 მოიგო და ორი ტურის შემდეგ ასპროცენტიანი შედეგით (6 ქულა) რუსეთის პრემიერლიგაში გალიდერდა.
პირველი ტაიმის შემდეგ დავითაშვილი შეცვალეს.