კვარაცხელიამ დაბადების დღე გოლით და მოგებით აღნიშნა - „ნაპოლიმ“ „კრემონეზე“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ აუტსაიდერ „კრემონეზეს“ გაუტანა და დაბადების დღე (22 წლის გახდა) იტალიის ჩემპიონატში მშვენიერი თამაშით და მოგებით (3:0) აღნიშნა.

ქართველმა თავდამსხმელმა „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში „სტადიო დიეგო მარადონაზე“ გამართულ 22-ე ტურის დაპირისპირებაში 83 წუთი ითამაშა, ამ დროში კი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

კრემონეზეში“ კი ტრავმის გამო ლუკა ლოჩოშვილმა არ ითამაშა და ქართული დერბი არ შედგა. სერია „ა“-ს აუტსაიდერი „ნაპოლის“ დიდ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ 22-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა ეფექტური გოლით ნეაპოლელები დააწინაურა. ხვიჩას გატანის შანსი რამდენიმე წუთში კიდევ ჰქონდა, მაგრამ მისი თავური დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა.

ტაიმის ბოლოს კვარაცხელია საჯარიმოში წაიქცა და პენალტის დანიშვნას ითხოვდა, მაგრამ არბიტრმა თამაში გააგრძელა, შესვენებაზე კი „ნაპოლი“ მინიმალური უპირატესობით გავიდა 1:0.

კრემონეზე“ მეორე ტაიმში ცდილობდა, ლიდერთან ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ 66-ე წუთზე საკუთარ კარში მეორე გოლი მიიღო. ვიკტორ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში მე-17 გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ უპირატესობა გაზარდა. 79-ე წუთზე კი ელიფ ელმასმა მესამეც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

22 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 59 ქულით პირველ ადგილზეა და 16 ქულით ასწრებს „ინტერს“, რომელიც ამ ტურში „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.

კვარაცხელიას ანგარშზე სერია „ა“-ში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 9 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა. სულ კი ყველა ტურნირზე უკვე 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.