კვარაცხელიამ და „რუბინმა“ „როსტოვი“ დაამარცხეს - ყაზანელები ევროსაგზურს უახლოვდებიან #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ და ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა „როსტოვთან“ სტუმრად ჩაატარეს და ევროსაგზურს უფრო მიუახლოვდნენ.
პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თამაში ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მასპინძელთა შორის 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი, რუსეთის მოქალაქე გიორგი მახათაძეც ასევე სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ 30-ე წუთზე შეცვალეს.
კვარაცხელიას წინააღმდეგ მასპინძელთა მცველმა დენის ტერენტიევმა ძალიან აქტიურად ითამაშა. თუმცა, ქართველმა მომენტები მაინც შექმნა: მე-16 წუთზე დარკო იევტიჩი საჯარიმოში მოძებნა, რომელმაც მომენტით ვერ ისარგებლა. 70-ე წუთზე ხვიჩა ორ მცველს გაცდა და კარში დაარტყა, მაგრამ „როსტოვი“ მეკარე სერგეი პესიაკოვმა აშკარა გოლისგან გადაარჩინა. 86-ე წუთზე კი ხვიჩამ საჯარიმოში მცველს ბურთი აართვა და კარის წინ ჯორჯ დესპოტოვიჩი მოძებნა, რომელმაც ძლიერად ვერ დაარტყა და შანსი ვერ გამოიყენა.
„რუბინმა“ მეორე ტაიმში თავი კარგად დაიცვა, 73-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა. ჯორჯ დესპოტოვიჩმა მეტოქის საჯარიმოსთან კარენ ბაირამიანს ბურთი აართვა და დარკო იევტიჩი მოძებნა, რომელმაც ეფექტური გოლი გაიტანა.
„რუბინმა“ 1:0 მოიგო, რაც ბოლო ექვს მატჩში მეხუთე გამარჯვება იყო. 25 ტურის შემდეგ ყაზანის „რუბინმა“ 43 ქულა დააგროვა და მესამე-მეოთხეადგილოსან მოსკოვის „ლოკომოტივსა“ და ცსკა-ს გაუთანაბრდა (რომლებიც ტურის მატჩს ხვალ ითამაშებენ) – ლეონიდ სლუცკის გუნდისთვის ევროსაგზური უფრო და უფრო რეალური ხდება.