კვარაცხელია ჯანმრთელადაა და ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ხვიჩა ბათუმშია და საქართველოს ჩემპიონ ბათუმის „დინამოსთან“ ივარჯიშა.
შეგახსენებთ, რომ მარტის სანაკრებო შეკრებაზე გამოძახებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბოსნიასთან ითამაშა და საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ ალბანეთთან მატჩი, როგორც ამტკიცებდნენ, მიკრო-ტრავმის გამო გამოტოვა.
მიზეზი ტრავმა იყო თუ სხვა რამ (მაგალითად, იტალიაში ახალ გუნდთან მოსალაპარაკებლად წასვლა) უცნობია. ფაქტია, რომ ხვიჩა საქართველოში ჩამოვიდა და ბათუმელებთან ერთად ემზადება. სავარაუდოდ, ხვიჩას მოედანზე „დინამოს“ ფორმით პირველად 2 აპრილს ვიხილავთ. ხვალ, ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ბათუმის „დინამო“ „თელავს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 20:30-ზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი შეაჩერა, მერე კი ხელშეკრულება საერთოდ გაწყვიტა, ხოლო ხვიჩამ ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტი გააფორმა.