კვარაცხელიამ ბათუმის „დინამოში“ ითამაშა - ჩემპიონმა „თელავი“ სავსე სტადიონზე დაამარცხა #1TVSPORT
კვარაცხელიამ ბათუმის „დინამოში“ ითამაშა - ჩემპიონმა „თელავი“ სავსე სტადიონზე დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-6 ტურის შეხვედრა ბათუმში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ლიდერები დაუპირისპირდნენ – მოქმედმა ჩემპიონმა და გათამაშების ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ „თელავს“ უმასპინძლა, რომელმაც სეზონი ასევე კარგად დაიწყო.

ეს მატჩი ტურში ყველაზე მეტ ინტერესს იწვევდა, რადგან ბათუმელთა განაცხადში პირველად იყო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ყაზანის „რუბინი“ დატოვა და რუსულ გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა. ხვიჩა მოედანზე მეორე ტაიმში მაყურებლის ოვაციების ფონზე გამოჩნდა.

კვარაცხელიამ რამდენიმე ეპიზოდში იაქტიურა, გატანაც შეეძლო და მცირე კონფლიქტშიც მონაწილეობდა. მთავარი ისაა, რომ 21 წლის ფეხბურთელის თამაშის სანახავად მოსულმა გულშემატკივრებმა ეროვნულ ლიგაში ბოლო წლების დასწრების რეკორდი გააუმჯობესეს – ბათუმის სტადიონი, რომელიც 20 ათას ადამიანს იტევს, ლამის ბოლომდე გაივსო.

ბათუმელებმა ანგარიში 33-ე წუთზე გახსნეს. ფირუზ მარაქველიძემ საჯარიმოში ჯოვინო ფლამარიონი მოცელა და არბიტრმა სტუმართა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ლადო მამუჩაშვილმა უნაკლოდ შეასრულა. ანგარიში აღარ შეცვლილა და ბათუმელებმა 1:0 მოიგეს.

6 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 13 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია, „თელავი“ 7 ქულით მეოთხე პოზიციაზე დარჩა.