ხვიჩა კვარაცხელია ისევ აღიარეს – საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ 20 წლის თავდამსხმელი რუსეთის პრემიერ ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა წინა სეზონის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დაასახელა.
რუსეთის ფეხბურთის კავშირმა პრემიერ ლიგის 2020/21 წლების საუკეთესო ფეხბურთელების სია ახალი სეზონის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გამოაქვეყნა. ჟიურიმ ყველა პოზიციაზე 3-3 საუკეთესო მოთამაშე დაასახელა და ქართველი მარცხენა ფლანგის შემტევის როლში პირველ ადგილზე გავიდა.
„რუბინის“ ქართველი ფეხბურთელის კონკურენტები დანილ ლესავოი (დინამო) და ჩედირა ეჯუკე (ცსკა) იყვნენ. ამ სიის საფუძველზე, ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს, სადაც ასევე კვარაცხელია დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ 23 შეხვედრა ჩაატარა, 6-ჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ხოლო სეზონის ბოლის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზიც დაიმსახურა, თანაც ზედიზედ მეორედ.
ქართველმა ტალანტმა ევროპული გუნდების ყურადღება მიიქცია, მაგრამ სეზონისთვის ისევ ყაზანის „რუბინში“ ემზადება და ჯერ ტრანსფერის საკითხი არ მოგვარებულა.