კვარაცხელია ტურის სიმბოლურ გუნდში ორი სხვადასხვა ვერსიით დაასახელეს
ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის სიმბოლური გუნდში მოხვდა – საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი ერთდროულად ორი ვერსიით მოხვდა.
„როსტოვთან“ ჩატარებული შთამბეჭდავი მატჩის შემდეგ, კვარაცხელია ტურის გამორჩეულ 11 მოთამაშეს შორის ჯერ რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაასახელა, რომელიც საერთაშორისო ანალიტიკური კომპანია InStat-ის მონაცემებს ეყრდნობა. მეორე ვერსია კი Whoscored-ს ეკუთვნის, სადაც ყველაზე მეტი რეიტინგი მიანიჭეს „ზენიტის“ ფეხბურთელს, სერდარ აზმუნი (9.7) და „სპარტაკის“ წევრ რომან ზობნინს, (9.4), ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ მესამე შეფასება დაიმსახურა – ათბალიან სისტემაში 8,8 ქულა.
ამ ფაქტში აღსანიშნავია ისიც, რომ ხვიჩა კვარაცხელია სიმბოლურ გუნდში ისე მოხვდა, რომ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, მაგრამ საერთო აზრით, მას მხარი თანაგუნდელებმა ვერ აუბეს, თავად კი შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა.
19 წლის ქართველი ფეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ დაასახელეს, პანდემიის შემდეგ კი მატჩის გმირად სამ შეხვედრაში აღიარეს.