კვარაცხელია ტურის სიმბოლურ ნაკრებშია - მეორე ტაიმი „რუბინის“ ლიდერის შოუდ გადაიქცა #1TVSPORT
ცნობილმა ინტერნეტ-გვერდმა „ფუტბოლ კულიჩკიმ“ ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი თერთმეტ რჩეულში სამ ტურში მეორედ მოხვდა.
„ხვიჩა კვარაცხელია ჩვენს სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მეორე ტურია ხვდება. „ახმატთან” მატჩის პირველ ნახევარში ქართველმა გარემარბმა, ისევე როგორც მთელმა გუნდმა, კარგად ვერ ითამაშა. გროზნოელთა მცველებმა ფლანგები ჩაკეტეს, რის გამოც კვარაცხელიას პრაქტიკულად თავისუფალი სივრცე არ ჰქონია. მაგრამ მეორე ორმოცდახუთი წუთი „რუბინის“ ლიდერის შოუდ გადაიქცა. შელიას გაძევების შემდეგ, „ახმატი“ იძულებული გახდა 5-4-1 სქემიდან 5-3-1-ზე გადაწყობილიყო და მოედნის ცენტრი გაეძლიერებინა. გროზნოელებმა ეს ფლანგების ხარჯზე გააკეთეს. გამოთავისუფლებული სივრცეების გამოყენებაც ხვიჩამ შეძლო“, – წერს გამოცემა.
რუსეთის პრემიერლიგის პარტნიორმა „მატჩ პრემიერმა“ ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა – იმის მიუხედავადაც, რომ 20 წლის ქართველს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია. მან თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა და „ახმატს“ ხიფათი არაერთხელ შეუქმნა. „ფუტბოლ კულიჩკიმ“ სწორედ ეს აღნიშნა.
„კვარაცხელიამ საფირმო ფინტებით მეტოქეები არაერთხელ მოატყუა, ხშირად აიძულებდა მათ წესები დაერღვიათ, ყვითელი ბარათები მიეღოთ და ჩეჩნური კლუბის კარში 5-ჯერ დაარტყა. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი ვერ გაიტანა, მხოლოდ ძელს გაარტყა. მიუხედავად ამისა, ხვიჩამ „რუბინის“ მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ფაქტია – კვარაცხელიას ანგარიშზე 7 წარმატებული დრიბლინგია, რაც მესამე ტურში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, – აღნიშნავს „ფუტბოლ კულიჩკის“ მიმომხილველი.