კვარაცხელია-შოუ გრძელდება - ქართველმა თავდამსხმელმა შეკრებაზე დუბლი შეასრულა [ვიდეო]
კვარაცხელია-შოუ გრძელდება - ქართველმა თავდამსხმელმა შეკრებაზე დუბლი შეასრულა [ვიდეო]

ყაზანის „რუბინმა“ თურქულ მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი საკონტროლო მატჩი რუსეთის პირველი ლიგის „ნიჟნი ნოვგოროდთან“ ჩაატარა და დამაჯერებლად დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ „ნიჟნი ნოვგოროდის“ ძირითად შემადგენლობაში ორმა ქართველმა ითამაშა – ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა ბექა ქავთარაძემ და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ლეო გოგლიჩიძემ. ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში კი ხვიჩა კვარაცხელია იყო.

ანგარიში მე-19 წუთზე ყაზანელებმა გახსნეს. კვარაცხელიამ ბურთი საჯარიმოსთან მიიღო, მცველს გასცდა და შორიდან ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა 1:0. ყაზანელებმა შესვენებამდე მეორე გოლიც გაიტანეს, ნოვგოროდელებმა კი სხვაობა 74-ე წუთზე შეამცირეს.

 

მაგრამ 79-ე წუთზე კვარაცხელიამ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. ხვიჩამ მცველს მოედნის ცენტრში ბურთი მოპარა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიში 3:1 გახდა, 81-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი შეცვალეს.

 

საბოლოოდ, ყაზანის „რუბინმა“ 3:1 მოიგო. კვარაცხელიამ თურქულ შეკრებაზე მშვენიერი შედეგიანობა აჩვენა – 19 წლის შემტევმა 4 საკონტროლო მატჩში 5 გოლი გაიტანა.