კვარაცხელია საუკეთესოებში ცნობილმა იტალიურმა საფეხბურთო კომპანიამ დაასახელა - ასეთი თვისებებით მისი ასაკის ბევრი მოთამაშე ვერ იამაყებს
საფეხბურთო ანალიტიკის ცნობილი კომპანია WyScout-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა წერილი – „50 ტალანტი, რომლებსაც 2021 წელს უნდა ვუყუროთ“. წერილში ერთ-ერთ ვარსკვლავად საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.
საერთო მიმოხილვა
„ კვარაცხელია, რომელიც გასულ წელს იყო ნომინირებული რუსეთის ლიგის MVP–ზე და 2020 წელს საქართველოს საუკეთესო მოთამაშე გახდა, სწრაფად ხდება რუსულ-კავკასიურ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი მოთამაშე. ის ფაქტობრივად არსაიდან 2018/2019 წლების სეზონის მეორე ნახევარში მოსკოვის „ლოკომოტივში“ გამოჩნდა, სადაც იჯარით „რუსთავიდან“ გადავიდა და მინდორზე გატარებულ რამდენიმე წუთში განსაკუთრებულად ვერავინ შეამჩნია. სეზონის ბოლოს „ლოკომოტივი“ ვერ შეთანხმდა იჯარის გაგრძელების თაობაზე, რამაც გუნდის მწვრთნელის გაბრაზება გამოიწვია, დიდი დრო არ გასულა და მას კარი ყაზანის „რუბინში“ გაუხსნეს, – ვკითხულობთ WyScout-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.
– კვარაცხელიას ახალ მწვრთნელს ურჩევნია, ის მარცხენა ფლანგზე დააყენოს, რათა სრულად დატვირთოს მარჯვენა ფეხი, შეამციროს აქცენტი გუნდის ცენტრალურ ზონაზე, რათა ახალმა შემტევმა პოზიცია მაქსიმალურად გამოიყენოს. შესაძლებლობის მიღების შემთხვევაში, ხვიჩა მუდმივად ფარავს საჯარიმომდე სივრცეს და ყოველ ჯერზე ოპონენტებთან გასწორების საშუალებას პოულობს.
სუსტი ფიგურისა და ელეგანტური მოძრაობის მქონე ახალგაზრდა გარემარბს საჯარიმოში შეჭრამდე მოწინააღმდეგესთან შეჯახების არ ეშინია. ის სწრაფი, დინამიური და მოხერხებულია: უკეთესია დროზე შეაჩეროთ, რადგან მის მტვერს გააყოლებთ თვალს, როგორც კი ის „გაზს“ ფეხს დააჭერს.
მისი მთავარი სპეციალობა დრიბლინგია: 90 წუთში 8.6 დრიბლინგის მცდელობით (4.2 წარმატებული), ის ძალიან მაღლა დგას იმ მოთამაშეთა შორის, რომლებმაც ევროპის მთავარ ლიგებში 1000 წუთზე მეტი ითამაშეს. სწორედ ამ უნარის წყალობითაა, ხვიჩა სულ უფრო მეტ გულშემატკივარს რომ იძენს. მან არაერთხელ აჩვენა, რომ ურჩევნია ცენტრისკენ დაიძრას და დაარტყას თუნდაც შორიდან, ვიდრე გადაცემა გააკეთოს.
მისი უნარების არსენალი ნამდვილად შეიძლება გაფართოვდეს, თამაში კი გაუმჯობესდეს, განსაკუთრებით ბურთის მიღებისას, ასევე ხაზებს შორის მოძრაობებსა და მჭიდრო სივრცეებში. ეს საშუალებას მისცემს გახდეს უფრო სრულყოფილი მოთამაშე და მხოლოდ თავისუფალი სივრცის მოთამაშედ არ დარჩეს.
კვარაცხელიამ აჩვენა, რომ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი გააჩნია და ეპიზოდს წარუმატებლად ძალიან იშვიათად ამთავრებს – ის იმ მოთამაშეთა რიცხვშია, ვინც მოედანზე მოვლენებს ქმნის, რაც მოწინააღმდეგის მხრიდან დამატებითი სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს. ამით მისი ასაკის ბევრ მოთამაშეს ვერ იამაყებს“.