კვარაცხელია საუკეთესო მოთამაშეებში დაასახელეს - მისმა ორმა თანაგუნდელმა პირველზე საკუთარი გვარი დაწერა #1TVSPORT
ყაზანის „რუბინის“ ოთხმა ფეხბურთელმა ძალიან საეჭვოდ გამოიჩინა თავი – მათ პირველ სამეულში ჩაწერეს საკუთარი გვარები პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელების გამოკითხვაში, რომელსაც „სპორტ-ექსპრესი“ ყოველწლიურად რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად ატარებს.
სერბმა თავდამსხმელმა ჯორჯ დესპოტოვიჩმა და შვეიცარიელმა ნახევარმცველმა დარკო იევტიჩმა ლიგის პირველ ნომერ ფეხბურთელად საკუთარი გვარი მონიშნეს. ხოლო მეკარემ იური დიუპინმა და ნახევარმცველმა დენის მაკაროვმა თავისი გვარები სამეულში ჩაწერეს.
„რუბინის“ ფეხბურთელებში ყველაზე მეტი ქულა დესპოტოვიჩმა დააგროვა – ის პირველზე ოთხმა მოთამაშემ დაასახელა. პოპულარობით მეორე ადგილზე ხვიჩა კვარაცხელიაა, ხოლო მესამეზე – „ზენიტის“ ფორვარდი სერდარ აზმუნი.
ხვიჩა პირველ ადგილზე სამმა თანაგუნდელმა დაასახელა (დიუპინი, ზოტოვი, ურემოვიჩი), მეორე-მესამე ადგილებზე – დესპოტოვიჩმა და იევტიჩმა, ექვსმა მოთამაშემ კი სამეულშიც არ მოახვედრა თავდამსხმელი, რომლის თამაშის დამსახურებითაც გუნდმა ევროსაგზური მოიპოვა და სტატისტიკით, საგოლე შეტევების 41%-ში მონაწილეობდა.
თანაგუნდელებისგან განსხვავებით, კვარაცხელიამ სამეულში საკუთარი გვარის დასახელება არ იკადრა და დესპოტოვიჩი, აზმუნი და პეტერბურგის კლუბის კიდევ ერთი ფორვარდი არტიომ ძიუბა გამოარჩია.
2020/21 სეზონში რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა გრძელდება. უახლოეს მომავალში გამოცხადდება კენჭისყრის შედეგები, რომელშიც პრემიერლიგის 16 კლუბიდან 11-11 მოთამაშე მონაწილეობს.