კვარაცხელია სანაკრებო პაუზის შემდეგ, შესაძლოა, „ნაპოლიში“ წავიდეს - „რუბინში“ ქართველს, ფაქტობრივად, დაემშვიდობნენ #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, ყაზანურ გუნდში საქართველოს ნაკრების შეკრების შემდეგ არ დაბრუნდეს და კარიერა იტალიაში გააგრძელოს. ამის შესახებ ინსაიდერი ალფრედო პედულა იტყობინება.
მისი ცნობით, საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდეს. ჟურნალისტის თქმით, იტალიური კლუბი 21 წლის ქართველს ლორენცო ინსინიეს შემცვლელად ხედავს, რომელიც ზაფხულში „ტორონტოში“ გადავა.
მანამდე გუნდის მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის წამოსცდა, რომ „კვარაცხელია ისედაც გაქცევაზეა“. ამას მოჰყვა ბოლო ტურში მატჩის კომენტატორის ნათქვამი.
„ეს კაპიტნობა ხვიჩასთვის შეიძლება სიმბოლურიც იყოს, რადგან არ არის გამორიცხული, სანაკრებო პაუზის შემდეგ „რუბინში“ აღარც დაბრუნდეს“, – ამით კომენტატორმა გარკვევით მიანიშნა, რომ ხვიჩას რუსეთში დარჩენა აღარ სურს.
აღსანიშნავია, რომ „რუბინის“ ფოტოგრაფმა გამოაქვეყნა ფოტო სადაც წერია Last Look.
ამასთან დაკავშირებით ყაზანური კლუბის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა.
„ხვიჩა საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრა, დაბრუნდება თუ არა, ამას მას შემდეგ ვნახავთ, როდესაც სანაკრებო პაუზა დასრულდება“, – განუცხადეს „სპორტ-ექსპრესს“ კლუბის პრესსამსახურში.
იგივე გამოცემა საინტერესო ფოტოს და კომენტარს აქვეყნებს.
„კვარაცხელია ნაკრებში სათამაშოდ მიდის, თუმცა რაღაც ძალიან ბევრი ჩემოდანი მიაქვს. ეს „რუბინიდან“ გაქცევა ხომ არაა?“
მარტში ფიფა-მ ნება დართო რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ლეგიონერებს, ცალმხრივად შეაჩერონ კონტრაქტი თავიანთ გუნდებთან და სეზონის დასრულებამდე სხვა კლუბებში გადავიდნენ. 21 წლის ფეხბურთელი „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობს.