კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატში გოლით დაბრუნდა და „რუბინი“ ევროზონაში დააწინაურა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას თავგადასვლები გრძელდება – სანაკრებო თამაშებში თავის გამოჩენის შემდეგ, საქართველოს ნაკრების 20 წლის ფეხბურთელმა დღეს ყაზანის „რუბინის“ ფორმით ითამაშა და მორიგი გოლი გაიტანა.

რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში ყაზანის „რუბინმა“ შინ ერთ-ერთ ლიდერს და კონკურენტს, „სოჭს“ უმასპინძლა. სამ დღეში სამი მატჩის ჩატარების გამო ლეონიდ სლუცკიმ 20 წლის ქართველი თავდამსხმელი დაასვენა და მოედანზე მეორე ტაიმში შეუშვა, ხვიჩამ კი თავისი საქმე გააკეთა.

71-ე წუთზე კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და „რუბინი“ დააწინაურა, 90-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და თამაშიც დასრულდა. ყაზანელებმა 1:0 მოიგეს, 40 ქულა დააგროვეს, როგორც „სოჭმა“, მაგრამ მეტი მოგებით მე-4 ადგილზე დაწინაურდნენ და ევროზონაში დამკვიდრდნენ.