ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაში „ტამბოვთან“ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გამორჩეული მოთმაშეების სამეულში მოხვდა – ინფორმაციას „რუბინის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
რუსეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ქართველის გუნდმა, ყაზანის „რუბინმა“ გასვლაზე „ტამბოვთან“ ითამაშა და 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე ილია სამოშნიკოვმა გაიტანა. სწორედ მან მიიღო ხმების 54% და გულშემატკივრების რჩეული გახდა.
მეორე ადგილზე ყაზანელთა დანიელი ლეგიონერი აბილდგორი გავიდა (14%), ხოლო კვარაცხელია 12%-ით მესამეზე აღმოჩნდა. ეს იმის მიუხედავად, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ყაზანის „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა.
კვარაცხელია ნოემბრის სანაკრებო მატჩების დროს საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა და მეორე დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო, თითქმის ერთი თვე გაუცდა და მოედანზე 5 დეკემბერს დაბრუნდა.