კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად სარდინიაში გაემგზავრა - ხვიჩა „კალიარისთან“ ითამაშებს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია ჯანმრთელადაა და „ნაპოლისთან“ ერთად „კალიარისთან“ სათამაშოდ გაემგზავრა – ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ.
ნეაპოლური გუნდისთვის, რომელიც მეოთხე ტურის შეხვედრას „კალიარისთან“ გამართავს, კარგი ამბავია, რომ კვარაცხელიას სერიოზული ტრავმა არ აღმოაჩნდა და ის გუნდთან ერთად სარდინიაში გაემგზავრა.
ხვიჩამ ტირანაში ალბანეთთან მატჩის პირველ ტაიმში კოჭი იტკინა და, დიდი სურვილის მიუხედავად, თამაშის დასრულება ვერ შეძლო. თუმცა ნეაპოლში მკურნალობამ შედეგი გამოიღო და კვარაცხელია სათამაშოდ მზადაა.
„კალიარისთან“ სათამაშოდ ასევე მზად არიან „ნაპოლის“ ახალწვეულები, სკოტ მაკტომინეი და ბილი გილმორი. დიდი ალბათობით, რომელუ ლუკაკუ მოედანზე პირველივე წუთებიდან იქნება.
არაა გამორიცხული, რომ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დამატებული მაკტომინეიც ძირითად შემადგენლობაში იყოს, რადგან ზამბო ანგისა სანაკრებო თამაშებიდან გუნდში მხოლოდ ხუთშაბათს დაბრუნდა – ამის შესახებ ანტონიო კონტემ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა.