კვარაცხელია „ნაპოლიში“ სრულ დატვირთვაზე გადავიდა - ხვიჩა გულშემატკივრებს შეხვდა #1TVSPORT
კვარაცხელია „ნაპოლიში“ სრულ დატვირთვაზე გადავიდა - ხვიჩა გულშემატკივრებს შეხვდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ნაპოლიში“ ჩასვლის შემდეგ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, ახლა გუნდთან ერთად დაიტვირთება. ამის შესახებ ნეაპოლური კლუბის პრესსამსახური იუწყება.

„მოედანსა და დარბაზში ფიზიკური დატვირთვების შემდეგ გუნდმა შეტევების ბოლო ფაზის ტექნიკურ-ტაქტიკური ვარჯიში ჩაატარა. დიმაროში დილის ვარჯიშის ბოლოს, კვარაცხელიამ და ზერბინმა სპალეტთან ინდივიდუალური დატვირთვები დაასრულეს. დღეს დილით საერთო ჯგუფს ასევე პოლიტანო, რაჰმანი და დი ლორენცო შეუერთდნენ“, – წერია „ნაპოლის“ გავრცელებულ ცნობაში.

არეანაპოლის“ ცნობით, ორმა ფეხბურთელმა ვარჯიშის შემდეგ „ნაპოლის“ გულშემატკივრებს დრო დაუთმეს, ავტოგრაფები დაარიგეს და ფოტოები გადაიღეს.

„ხვიჩა კვარაცხელია და ჯანლუკა გაეტანო დიმაროში მყოფ „ნაპოლის“ გულშემატკივრებს შეხვდნენ. გუნდის ორი მოთამაშე, ლუჩიანო სპალეტის ხელმძღვანელობით, ვარჯიშის ბოლოს კარჩიატოს მუნიციპალური სტადიონის გარეთ გავიდნენ, ხალხთან ერთად გაერთნენ და ავტოგრაფები დაურიგეს გულშემატკივრებს, რომლებიც გუნდის შეკრებაზე ჩავიდნენ. ხელმოწერები გააკეთეს ბურთებსა და ქუდებზე, ასევე ფოტოები გადაიღეს. ბათუმის „დინამოსა“ და ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა გარემარბმა, ისევე როგორც ახალგაზრდა იტალიელმა ნახევარმცველმა, რომელიც ახლახანს სერია „ბ“-ს „კრემონეზედან“ დაიმატეს, ღიმილი აჩუქეს ბევრ ბავშვს და მაყურებელს, რომელიც დიმაროში ჩამოვიდა“, – წერს გამოცემა.