კვარაცხელია „ნაპოლის“ ვარჯიშზე დაშავდა - ხვიჩა „უდინეზესთან“, სავარაუდოდ, არ ითამაშებს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა მიიღო და, დიდი ალბათობით, „უდინეზესთან“ სერია A-ს 35-ე ტურის მატჩს გამოტოვებს – „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელზე ინფორმაციას Football-Italia ავრცელებს.
იტალიური გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრების ლიდერი „ნაპოლის“ ვარჯიშზე დაშავდა, მაგრამ ტრავმა სერიოზული არ არის.
„ხვიჩა კვარაცხელიამ ტრენაჟორების დარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა, მას კუნთის ტრავმა გაუმწვავდა და „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა გარისკვას მოერიდა. ამის გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხვიჩა უდინეში გაემგზავროს და გუნდს „უდინეზესთან“ მოახლოებულ თამაშში დაეხმაროს“, – ამტკიცებს იტალიური გამოცემა.
სერია A-ს 35-ე ტურის მატჩი „ნაპოლისა“ და „უდინეზეს“ შორის 6 მაისს, 22:45 საათზე გაიმართება. კვარაცხელიას გარდა, ჯაკომო რასპადორის თამაშიც საეჭვოა, რადგან ისიც დაშავებულია. არადა, ეს მატჩი ნეაპოლელებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან გუნდს ჯერ კიდევ აქვს ევროტურნირის საგზურის მოპოვების შანსი.