ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში საუკეთესო პერიოდი უდგას – ქართველმა თავდამსხმელმა პანდემიის შემდეგ რუსეთის ჩემპიონატში მეოთხე შეხვედრა ჩააატარა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მეორედ იქნა აღიარებული.
ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში „ორენბურგი“ დენის მაკაროვის გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა, მაგრამ მეოდანზე მთავარი მოქმედი ფიგურა მაინც 19 წლის ქართველი ფეხბურთელი იყო.
„ყაზანის „რუბინში“ ყველაზე შესამჩნევი კვლავ ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელიც მარცხენა ფლანგიდან მუდმივად გამწვავებაზე მიდიოდა და, როგორც წესი, წარმატებით. ერთ-ერთ ეპიზოდში ქართველმა მოახერხა ორი მეტოქის გარემოცვიდან თავის დაძვრენა და სახიფათოდ შეუტია, მაგრამ სტუმრები მეკარემ გადაარჩინა. შესვენების შემდეგ ხვიჩამ კიდევ ერთხელ სცადა გატანა და მეკარემ ისევ საიმედო ითამაშა. მაგრამ 67-ე წუთზე მის განვითარებულ შეტევას გოლი მოჰყვა – ხვიჩას გადაცემით დენის მაკაროვმა ერთად-ერთი გოლი გაიტანა და „რუბინმა“ უმნიშნელოვანესი შეხვედრა 1:0 მოიგო“ – წერია „რუბინის“ ვებ-გვერდზე.
საბოლოოდ, ხვიჩა კვარაცხელია „რუბინი“ – „ორენბურგის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და ჯილდო გადასცეს. 2019/20 წლების სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგის პარტნიორი სატელევიზიო არხის, „მატჩ პრემიერის“ ექსპერტები თითოეული შეხვედრის შემდეგ მატჩის საუკეთესო მოთამაშეს ასახელებენ.
„ეს ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელვანი შეხვედრა იყო და მიხარია, რომ გავიმარჯვეთ“ – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.