კვარაცხელია მამარდაშვილს გამოექომაგა - ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა, ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში მადრიდის „რეალთან“ მომხდარ ინციდენტზე პოსტი გაავრცელა, რომლის შედეგადაც სამეფო კლუბის ბრაზილიელი თავდამსხმელი ვინისიუს ჟუნიორი მოედნიდან გააძევეს.
„ყველა ადამიანი არის თანასწორი. ეს ჩემთვის ცხოვრების ყველაზე მთავარი და პირველი წესია, რომელიც მე არასდროს დამირღვევია. @vinijr პატივისცემა ჩემგან და შენს გვერდით ვარ, იმ მომენტში კი მხოლოდ თანაგუნდელის დაცვას და მხარდაჭერას ვცდილობდი, სხვა რაიმე განზრახვა არ მქონია. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის და ამას ყველა და ერთად უნდა ვებრძოლოთ“, – წერს მამარდაშვილი, რომელიც გაოცებულია იმ ხმებით, თითქოს ეს ინციდენტი რასისტულ გამოხტომა იყო.
„ვალენსიას“ ქართველ მეკარეს და ბავშვობის მეგობარს მხარდაჭერა გამოუცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ და რასიზმიც დაგმო:
„მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში, ჩემზე კარგად ცოტამ იცის, თუ რას იზამს ის მეგობრის და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, @vinijr შენს გვერდით ვართ და ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს“ – ვკითხულობთ კვარაცხელიას პოსტში.